ყველა ნიშანია, რომ რუსეთი აპირებს შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე – შერმანი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი აცხადებს, რომ არსებობს ყველა ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს თებერვლის შუა რიცხვებამდე.

”წარმოდგენა არ მაქვს, მან [პუტინმა] მიიღო თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ ყველა მინიშნებას, რომ ის აპირებს გამოიყენოს სამხედრო ძალა, შესაძლოა, დღეიდან თებერვლის შუა რიცხვებში,” – თქვა შერმანმა ევროპული სტრატეგიის ფორუმზე საუბრისას.

მისივე აზრით, პუტინის გეგმებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს პეკინის ოლიმპიადამ.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პეკინის ოლიმპიადა იწყება 4 თებერვალს, პრეზიდენტი პუტინი იმედოვნებს, რომ გახსნის ცერემონიაზე იქნება.

ვფიქრობ, ალბათ პრეზიდენტი სი ძინპინგი არ იქნება აღფრთოვანებული, თუ პუტინი ამ მომენტს აირჩევს უკრაინაში შეჭრისთვის, ამიტომ, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მის ფიქრებსა და [შეჭრის] დროზე”,– თქვა ვენდი შერმანმა.

მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საკითხის დიპლომატიურად მოგვარებას ცდილობს, თუმცა ემზადება უარესისთვის.