ყველა პაციენტი პოტენციურ ინფიცირებულად უნდა განიხილებოდეს, ჩატარდეს მასობრივი ტესტირება – სამედიცინო ასოციაციები

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ აუცილებელია სახელმწიფოსა და სამედიცინო პროფესიული საზოგადოებების მეტი კონსოლიდაცია, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების პერმანენტული გატარება. მათ შორის: მასობრივი ტესტირება და კონტაქტების შესწავლა/იზოლაცია.

გაერთიანებას აქვს ინიციატივა, სახელმწიფოს მიერ მოხდეს კონკრეტული ღონისძიებების გატარება რაც უშუალოდ აისახება COVID-19 ის წინააღმდეგ მობილიზებული სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერისთვის.

,,კერძოდ:

1. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ყველა სამედიცინო დაწესებულების სრულად აღჭურვა პერსონალური დაცვის საშუალებებით, ყველა პაციენტი უნდა განიხილებოდეს, როგორც პოტენციური COVID-19-ით ინფიცირებული.

2. გაერთიანება მიმართავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის საზღვრებს გარეთ, მკურნალობის მეთოდების განხილვა მოხდეს შესაბამის სამედიცინო, პროფესიულ პლატფორმებზე, ვინაიდან ჯერ-ჯერობით არ არსებობს COVID-19-ის საყოველთაოდ აღიარებული (მტკიცებულებაზე დაფუძნებული) მკურნალობის მეთოდები, საჯარო კლინიკური დისკუსიები მოსახლეობაში არასწორი დასკვნების გაკეთებას უწყობს ხელს. ზოგ შემთხვევაში მკურნალობის მეთოდების განხილვები გადაიქცა კონკრეტული ექიმების წინააღმდეგ მიმართულ მიზანმიმართულ კამპანიად. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მკურნალობაში ჩართულ სპეციალისტებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, სადაც დარგის ექსპერტებსა და პროფესიულ თემს შეეძლება მსჯელობა დაავადების დიგანოსტიკის, კლინიკური მართვის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ.

3. არ უნდა შეფერხდეს მრავალი ადამიანის სამედიცინო დახმარება. რისთვისაც, პროფესიულ ასოციაციებთან კონსულტაციით, დაუყოვნებლად უნდა მოხდეს COVID-19 პანდემიის დროს პაციენტების მართვის ინსტრუქციების დამტკიცება ე.წ. Guidance და არა Guideline, სადაც მოცემული იქნება რეკომენდაციები პანდემიის პირობებში გეგმიური პროცედურების მაქსიმალურად გადავადების და ამავე დროს გამოიყოფა ნოზოლოგიები, რომელთა მკურნალობის გადავადება არ იქნება მიზანშეწონილი.

4. ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ყველა რგოლის სამედიცინო პერსონალისთვის, მათ შორის კლინიკების ეპიდემიოლოგებისთვის უნდა მოხდეს მიზნობრივი დანამატების განსაზღვრა, რომელიც მათი სახელფასო განაკვეთების გაზრდას მოემსახურება. ასევე უნდა განიხილებოდეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებული ექიმებზე კომპენსაციის გაცემის საკითხები. ამასთან, აღნიშნული აქტივობები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს.

5. ასევე უნდა განისაზღვროს კომპენსაციები იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომლებიც COVID-19-ის სამართავად მობილიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში ვეღარ ახერხებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, რადგან აღნიშნულ კლინიკებში სხვა სერვისების მიწოდება შეჩერებულია.

გაერთიანება მოუწოდებს სახელმწიფოს, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტა მოხდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და სამედიცინო ასოციაციების ჩართულობითა და მონაწილეობით”-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც BM.GE ავრცელებს.

მასობრივი ტესტირებებისკენ მოუწოდებს მთავრობას ოპოზიციური პარტიის ნაწილიც. თუმცა ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები აცხადებენ, რომ ტესტირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე უნდა ჩატარდეს.