ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებზე – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში უნდა ჩატარდეს.

,,სიმართლე, რომ გითხრათ, მე არ ვარ ეპიდემიოლოგი, მე ვარ მკურნალი ექიმი, მაგრამ ერთადერთი შემიძლიათ გითხრათ, რომ „ტესტირება უნდა ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივ ჯგუფებში, რომელიც დღეს საბჭოზე გადაწყდა. ეს არის ის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც ესაჭიროებათ პრევენციისა და დიაგნოსტიკის ვერიფიცირების მიზნით აღნიშნული კვლევის ჩატარება“,- თქვა ლევან რატიანმა.

ანალოგიური განცხადება გააკეთა თენგიზ ცერცვაძემაც. მისი თქმით, მაგალითად, გერმანიამ, ლიტვამ და ისრაელმა მოსახლეობის სულ 3%-ის გამოკვლევა შეძლეს, ამიტომ ეს ვერ მოახდენს ეპიდემიის კონტროლზე გავლენას. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის აზრით, მთავარია მიზნობრივი ჯგუფების გამოკვლევა.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გაფართოებული კვლევა მოხუცთა თავშესაფრებსა და იმ პანსიონატებშიც ჩატარდება, რომელთა ბენეფიციარები შშმ პირები არიან. ასევე, საჭირების მიხედვით, ტესტირება ჩაუტარდებათ სასულიერო პირებსაც.

ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებისგან მასობრივი დიაგნოსტიკის ჩატარებას ითხოვს. ,,ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, მასობრივი ტესტირება ვირუსის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენისა და ლოკალიზების უალტერნატივო საშუალებაა.

,,შესაბამისი ალგორითმით, სწრაფი და მასობრივი ტესტირების პირობებში, მოგვიწევდა არა მთელი ქვეყნის გამოკეტვა და იზოლაცია, არამედ მხოლოდ პოზიტიური მაჩვენებლების მქონე მოქალაქეების. დამაზიანებელია არა სწრაფი ტესტირება და დიაგნოსტიკა, არამედ იმ ტიპის ბრიყვული, პოლიტიკურად მოტივირებული განცხადებები, რომელთაც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელი აკეთებს”,- ამბობს ვაშაძე.