ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს ბრალი წარუდგინეს

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალი წარუდგინეს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა. არქიმანდრიტმა საბამ შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.

“პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. ჩატარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ყინწვისის მონასტრის მღვდლები მომხდარ შემთხვევას მალავდნენ. დაზარალებული არქიმანდრიტი საბა ჟღენტი ამბობდა, რომ მის დაჭრასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გავრცელდა, რის გამოც ის ,,გულნატკენი და ნაწყენია”