ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს, ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ბრალდებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მას ოკუპანტები ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაში ადანაშაულებენ.

იმავე საქმეზე დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსს, ვასილ მალიუკსაც.

“მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილება ყურადღებას არ იმსახურებს” – ასე გამოეხმაურა ვასილ მალიუკი ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი დაკავების შესახებ.  მანამდე კი ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ყირიმის ხიდის განადგურების პოტენციალი, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ინასარიძეს, ბრალდება წარდგენილი აქვს რუსული სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლით (ტერორისტული აქტი); 222,1 მუხლით (ასაფეთქებელი ნივთიერებების ან ფეთქებადი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა); 226,1 მუხლით (ძლიერი, შხამიანი, ტოქსიკური, ფეთქებადი, რადიოაქტიური ნივთიერებების და სხვა იარაღის კონტრაბანდა).

საქმე ეხება 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას – მაშინ რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა და თქვა ისიც, რომ ორგანიზატორთა შორის 2 ქართველი იყო.