ყირიმში რუსი პროპაგანდისტის,კისილიოვის ვილასთან მანქანები დაწვეს (ფოტო)

დროებით ოკუპირებულ ყირიმში უცნობ მამაკაცს ეძებენ, რომელმაც ღამე ცნობილი რუსი ტელეწამყვანის და კრემლის პროპაგანდისტის, დიმიტრი კისილიოვის ვილასთან ავტომობილები დაწვა.  ამის შესახებ ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს.

ინციდენტი  ღამის ორი საათისთვის მოხდა. უცნობი მამაკაცი ბახილებში და სამედიცინო ნიღაბში პროპაგანდისტის სახლის ტერიტორიაზე შევიდა, რომელიც კოკტებელში აივაზოვსკის ქუჩაზე მდებარეობს და ორი მსუბუქი ავტომობილი დაწვა.

სხვადასხვა მონაცემებით დამწვარია ავტომობილი გოლფ–ქარი, რომელიც კისილიოვის სახლთან იყო გაჩერებული.

ახლა ადგილობრივი პოლიცია მამაკაცს ეძებს და გარშემო არსებული კამერების ჩანაწერებს სწავლობს. გამოძიებამ ადგილობრივი აფთიაქებიც შეამოწმა, სადაც უცნობ მამაკაცს შესაძლოა ნიღაბი ეყიდა.

კოკტებელში მდებარე საკუთარ ვილაზე კისილიოვი არაერთხელ ყვებოდა. 2006 წელს მან თქვა, რომ გრანდიოზული მშენებლობა წამოიწყო და 10 წლიანი კრედიტიც კი აიღო.

2017 წელს ვილაზე ჟურნალისტებიც კი დაპატიჟა და ინტერვიუ მისცა.

გორაკზე მდგარი მდიდრული სახლის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის ხით არის მოპირკეთებული და კისილიოვს მინიმუმ 200 მილიონი რუბლი დაუჯდა. ტერასებიდან კი მშვენიერი ხედები იშლება.

ვილის მშენებლობას სკანდალი ახლდა თან: არქიტექტორმა ვლადიმირ მაზურინმა სასამართლოს გზით მიაღწია პროპაგანდისტისგან მისი შრომის ანაზღაურების – 2.5 მილიონი რუბლის მიღებას. საპასუხოდ კისილიოვმა მას სასამართლოში უჩივლა, თუმცა ვალი მაინც გადაიხადა.

შეგახსენებთ, რომ კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის ვილა იტალიაში, კომოს ტბასთან ადგილობრივმა ხელისუფლებამ აპრილში დააყადაღა, უცნობმა პირებმა კი ტერიტორიაზე შეაღწიეს და აუზში წითელი საღებავი ჩაასხეს.