ყირიმში, სევასტოპოლის პორტში აფეთქებების შედეგად რუსული სამხედრო გემები დაზიანდა – ვიდეო

რუსული მხარე ნაწილობრივ ადასტურებს დილიდან გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დღეს დილით ყირიმში, სევასტოპოლის პორტში ბაზირებულ რუსულ სამხედრო ხომალდებზე დრონებით შეტევა მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო გემები, რომელთა შორის არის რუსული ფრეგატი “ადმირალი მაკაროვი”.

თუმცა, რუსული მხარე მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამ არხზე წერს, რომ შაბათს დილით 4:20 საათზე სევასტოპოლში ბაზირებულ რუსეთის შავი ზღის ფლოტის ხომალდებზე შეტევა მოხდა.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამტკიცებენ, რომ შეტევის უკან უკრაინა დგას, რომელმაც ამისათვის უპილოტო საფრენი აპარატები და შვიდი ავტონომიური საზღვაო უპილტო აპარატი გამოიყენა.

რუსული მხარე აცხადებს, რომ ყველა სამიზნე განადგურებულია, რუსული ფლოტი კი თითქმის არ დაზარალდა. მხოლოდ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო საზღვაო განმნაღმველმა “ივან გოლუბეცი“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ადანაშაულებს, რომ მან შეტევა მიიტანა იმ ხომალდებზე, რომლებიც “ხორბლის კორიდორის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. რუსული მხარე თავდასხმას “ტერორისტულ აქტს უწოდებს“ და ამბობს, რომ ის ბრიტანელების მიერ მომზადებულმა უკრაინელმა სამხედროებმა, კერძოდ 73–ე სპეციალური საზღვაო ოპერაციების ცენტრის სამხედროებმა დაგეგმეს.