“ის სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის იღებდა შესაბამის და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, როგორც უშუალოდ პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე ნომერ მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში. როგორც მოგეხსენებათ, ის იმყოფებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, საკუთარი გადაწყვეტილებით, ის ამ მკურნალობას სრულფასოვნად არ იტარებდა, იმისთვის, რომ შემდეგი გართულებების რისკი გამორიცხულიყო, ის გადაყვანილი იყო კლინიკა „ვივა მედში“ და ის იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. […] ჩვენ ასევე, ვიხილეთ ადვოკატის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ დასკვნა კონფიდენციალური იქნებოდა, რომელიც სასამართლოს წარედგინებოდა და არავის ექნებოდა მასზე წვდომა. თუმცა, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ყოვლისმცოდნეები არიან და საუბრობენ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, საკუთარ შეფასებებს აკეთებენ, რაც რა თქმა უნდა, მართებული არ არის და არც ბოლომდე მორალური და ეთიკური, როცა ეს ადამიანები ცდილობენ, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. […]

როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, იმის ნაცვლად, მოეწოდებინათ შიმშილობის შეწყვეტისკენ, გარკვეულ ტელეარხებზე პირდაპირ მოუწოდებდნენ იმას, რომ შიმშილობის შეწყვეტა პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი იქნებოდა და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეკეთებინა და ცდილობდნენ, რომ ეს გმირულ საქციელთან გაეიგივებინათ, რაც ყოვლად მიუღებელი იყო…

რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც არსებობს მორალი, არსებობს წითელი ხაზები და ეს ყველამ უნდა დაიცვას, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ნაბიჯები მაინც იდგმება და ირღვევა ეს წითელი ხაზები, ადამიანური და მორალური”

აცხადებს, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.