ყოფილი ასისტენტი “ფორსაჟის” ვარსკვლავს, ვინ დიზელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ამერიკელი მსახიობი ვინ დიზელი ყოფილმა პირადმა თანაშემწემ ასტა იონასონმა სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, რომელიც ქალის თქმით 2010 წელს ფილმ ფორსაჟის მეხუთე ნაწილის გადაღებების დროს მოხდა.

სარჩელში ნათქვამია, რომ მსახიობის მხრიდან მისი სექსუალური შევიწროება მოხდა ატლანტას სენტ-რეჯისის სასტუმროს ოთახში და მსახიობმა არაფრად ჩააგდო ქალის უარი.

იონასონი ამტკიცებს, რომ როცა სიტუაცია დაიძაბა, მან იყვირა და აბაზანაში დამალვა სცადა, მაგრამ დიზელმა დაიჭირა, სხეულით კედელთან მიიმწყვდია და მასტურბაციის აქტი შეასრულა.

სარჩელი ასევე შეტანილია პროდიუსერულ კომპანია One Race Films-ის წინააღმდეგ, რომელსაც მსახიობის და სამანტა ვინსენტი მართავს.

ჯონასონის თქმით, ვინსენტმა ის სამსახურიდან გაათავისუფლა ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

„მსხვერპლისთვის ცხადი იყო, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან ის აღარ წარმოადგენდა ინტერესის საგანს  – ვინ დიზელი იყენებდა მას სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად“, – ნათქვამია სარჩელში.

„ქალბატონი იონასონი თავს უმწეოდ გრძნობდა, მისი თვითშეფასება დაირღვა და საკუთარ პროფესიულ უნარებში ეჭვი ეპარებოდა. ის დაფიქრდა იმაზე,  მოუწევდა თუ არა მისი სხეულით საფასურის გადახდა წარმატებული კარიერისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ქალის თქმით, დიზელთან მომხდარ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე,  საპროდიუსერო კომპანიის ერთ-ერთმა აღმასრულებელმა მას იმავე სასტუმროში უხამსი წინადადება შესთავაზა.

სექსუალური ძალადობის გარდა, სარჩელი ასევე მოიცავს ბრალდებებს გენდერული დისკრიმინაციის, ემოციური სტრესისა და სამსახურიდან არასწორი გათავისუფლების შესახებ.

56 წლის დიზელის (ნამდვილი სახელი მარკ სინკლერის) ადვოკატმა ბრაიან ფრიდმანმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მთლიანად უარყოფს ყოფილი ასისტენტის ბრალდებებს.

„მან პირველად გაიგო ამ სიტუაციის შესახებ, რომელიც, თითქოსდა 13 წელზე მეტი ხნის წინ მოხდა და კატეგორიულად უარყოფს ყოფილი თანამშრომლის პრეტენზიას, რომელმაც აქ მხოლოდ 9 დღე იმუშავა“, – თქვა ადვოკატმა CNN-ის შეკითხვაზე წერილობით პასუხში.

ჯონასონის ადვოკატმა კლერ-ლიზ კეტლიმ BBC News-ს განუცხადა, რომ მის კლიენტს “გადაწყვეტილი აქვს, ვინ დიზელი და ისინი, ვინც  დაფარა მისი სექსუალური ძალადობა, პასუხისგებაში მისცეს მათი საშინელი ქმედებების გამო”.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მისი გაბედული გადაწყვეტილება და  ხმამაღალი საუბარი მომხდარზე, ხელს შეუწყობს გრძელვადიანი ცვლილებების მოტანას და მსგავსი სიტუაციებისგან სხვა მსხვერპლთა დაცვის შესაძლებლობების გაფართოებას“, – თქვა კეტლიმ.

გარდა“ფორსაჟის“ სერიისა, ვინ დიზელი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა გალაქტიკის მცველები, XXX და რიდიკი.

ის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობია.