შარლ მიშელი კატეგორიული იქნება, ხელისუფლებას კარგი დღეები არ ელოდება – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი IPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან შეთანხმების დარღვევა მიშელისთვის პერსონალური დარტყმაა, რადგან მან დაინახა სერიოზული საფრთხე არამხოლოდ საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით, არამედ საკუთარი კარიერისთვისაც.

“შეიძლება წამოაძახონ ხვალ და ზეგ, თავს რომ იწონებდი, სინამდვილეში, ნახე რა ხდებაო. ასე რომ მე ვფიქრობ, მისი ვიზიტი აბსოლუტურად კანონზომიერია და საკმაოდ კატეგორიული იქნება. არ მგონია, შარლ მიშელმა ის ბრტყელ-ბტყელი არგუმენტები მიიღოს, რაც ხელისუფლებას აქვს საკუთარი ოხლოკრატიისთვის. ხელისუფლებას არ ელოდება კარგი დღეები ევროინტეგრაციის მიმართულებით.

ხელისუფლება ცდილობს ეს საქმე შემსრულებლების დონეზე დატოვოს, რომ ევროკავშირი, შეერთებული შტატები დაკმაყოფილდნენ შემსრულებლების სახით, ანუ „ბარტყების გადაგდებით“ და ამ დროს მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვნახეთ, პირდაპირ წერია, რომ დასავლეთი შემსრულებლების დასჯას არ ითხოვს, ის ითხოვს ორგანიზატორების და დამკვეთების დასჯას, ანუ უფრო ფართო გამოძიებაა საჭირო. ამიტომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები”,– ამბობს ხუხაშვილი.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, შარლ მიშელი საქართველოს 18 ან 19 ივლისს ეწვევა.