შაქარაშვილის საქმის მოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მთავარი მოოწმე, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე საგამოძიებო ექსპერიმენტს ითხოვს. მისი ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, თავდაპირველად ჩატარებული ექსპერიმენტი რეალობას არ ასახავდა.

ამ წუთებში იაკობ ბრეგვაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება. ჭკადუას გამოძიებისგან აინტერესებს, რატომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე წვდომა, იმის გათვალისწინებით, რომ ბრეგვაძე დაზარალებულია.

„იაკობი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად. ყველამ იცის საქმის მასალები, ჩვენ გარდა. გვაქვს კითხვები გამოძიებასთან. მოვედით, რომ ეს კითხვები გავიაროთ. კითხვები ეხება იაკობის მიერ მიღებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას. გვაქვს კითხვები ექსპერიმენტთანაც. ესაა დროის შეთანხმების საკითხი – იგივე დროს მოხდეს აღნიშნული, რა დროსაც მოვლენები განვითარდა. გვინდა საზოგადოებამ ნახოს, შეძლო თუ არა გადამხტარიყო იაკობ ბრეგვაძე და რისი დანახვა შეეძლო იმ ადგილიდან”, – ამბობს ირმა ჭკადუა.

იაკობ ბრეგვაძე შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ოქროს მოწმეა. ის იმ ექვსი ადამიანიდან ერთერთია, ვინც შაქარაშვილთან ბოლოს იმყოფებოდა.

ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ შაქარაშვილს სიცოცხლის პერიოდში სხეულზე მკვრივი- ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე დარწმუნებულია, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ არ იქნება მიყენებული.

ამ საქმეზე შსს–მ 17 პირი დააკვა, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. პირველი სასამართლო პროცესი 30 ივლისს გაიმართება. მანამდე პროკურატურამ მტკიცებულები უნდა შეაგროვოს.