შაქარაშვილმა ცემის შედეგად გონება დაკარგა, რის შემდეგაც მდინარეში ჩააგდეს – ფორმულა

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 19 წლის გიორგი შაქარაშვილს არაგვის ხეობაში თავდამსმელებმა დაზიანებები მიაყენეს, მან გონება დაკარგა, თავდამსხმელებს გარდაცვლილი ეგონათ და მდინარეში ჩააგდეს.

“სანდო წყაროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ფეხბურთელმა დევნისა და სასტიკი ცემის დროს არაგვის ხეობაში გონება დაკარგა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილს საზარდულსა და ბოქვენის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს, კვალის დაფარვისა და არევის მიზნით, უგონო მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი თავდამსხმელებმა მდინარეში ჩააგდეს, მისი ჩანთა კი მდინარის პირას დატოვეს”, – თქვა დავით ქაშიაშვილმა შაბათის ფორმულაში.

მისივე თქმით, გამოძიება სწორედ ამ ვერსიაზე მუშაობს და ფორმულას ეს ინფორმაცია წყარომ საგამოძიებო უწყებიდან მიაწოდა.

10 ივლისს პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით. დასკვნაში ასევე წერია, რომ სიკვდილამდე 19 წლის ფეხბურთელს დაზიანებები აქვს მიყენებული.

“სიკვდილისწინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში”, – ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.

ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლითაც დაიწყო, რომელიც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.