შეგიყვანთ საერთაშორისო ძებნილთა სიაში – უკრაინის გენპროკურორი კანდელაკს

უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა აცხადებს, რომ ქართველ პროპაგანდისტ ჟურნალისტს, რომელიც რუსეთში მუშაობს, საერთაშორისო ძებნილების სიაში შეიყვანს.

მისი თქმით, თინა კანდელაკი “კრემლის სამხედრო მანქანის იდეებისა და ლოზუნგების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია”, რომელიც მათ შორის უკრაინელ მაყურებელს კვებავს ყალბი ინფორმაციით.

მე, როგორც გენერალური პროკურორი, გაცნობებთ, რომ თქვენი პროცედურული სტატუსი უკრაინაში არის დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი. უახლოეს დღეებში უკრაინული პროკურატურა დაიწყებს თქვენი, თინათინ გივიევნას საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანის პროცესს.

უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, არის კარგი ადვოკატების პოვნა და არ მიმართოთ იურიდიული დახმარებისთვის მათ, ვინც გთხოვთ ცრუ და მავნე ინფორმაციის გავრცელებას. სიმართლეს არ გეტყვიან. და სიმართლე ისაა, რომ როცა ეცდები სხვა სახელმწიფოების საზღვრის გადაკვეთას, კომპეტენტური ორგანოები დაგაკავებენ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით. მაგრამ მე არ გირჩევთ ჩემს აზრს დაეყრდნოთ, არამედ იხელმძღვანელოთ თქვენი ადვოკატების რჩევით”,– წერს გენერალური პროკურორი.

ვენედიქტოვა განმარტავს, რომ თინა კანდელაკმა საკუთარ მაყურებელს უთხრა, რომ “უკრაინის სახელმწიფოებრიობა ძალიან სწრაფად აღდგება მას შემდეგ, რაც ზელენსკი და უმაღლესი რადას ის ოდიოზური დეპუტატები, რომლებიც 8 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ უკრაინის სამოქალაქო სამყაროსთან დაახლოებას, დატოვებენ ქვეყანას, ვფიქრობ, იანუკოვიჩი უკრაინაში დაბრუნდება”.

გენპროკურორის შეფასებით, აღნიშნული მოწოდება დანაშაულია.