შევდივართ მძიმე ფაზაში, პრეზიდენტმა დაიკლო თავისი წონის 10% – ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის ტესტების პასუხები, რომელიც კონსილიუმმა განიხილა.

მისი შეფასებით, შედეგები გაუარესებულია და ექსპრეზიდენტის მდგომარეობა მძიმე ფაზაში შედის.

“პრეზიდენტი უჩივის გულის ფრიალს, უფრო სუსტია და ა.შ. საგანგებო მდგომარეობა შეიძლება ყოველ წუთს დაიწყოს, ძალიან არასტაბილური სიტუაციაა. პროგნოზებს ვერ მოგცემთ, რადგან ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად პასუხობს სტრესს. გადავწყვიტეთ, რომ დავნიშნოთ შემდეგი კონსილიუმი პარასკევს, ზეგ, იმიტომ რომ უფრო ხშირად დავაკვირდეთ, რადგან ახლა შევდივართ უფრო მძიმე ფაზაში, რადგან პრეზიდენტმა დაიკლო უკვე დაახლოებით 10% მისი წონის, რაც საკმაოდ საშიშია”,– ამბობს ყიფშიძე ციხის დატოვების შემდეგ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი 34-ე დღეა შიმშილობს.