პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი რესპუბლიკელების განცხადებას აფასებს, როგორც სახელმწიფოებრივად სწორსა და მამაცს.
ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი კანონპროექტის მხარდასაჭერად ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.
„ოდნავ განსხვავებულად ვიღაცა თუ რაღაცას ამბობს ან აზროვნებს ოპოზიციაში, იმ წამს ყელში ეძგერებიან და მზად არიან, რომ გაგლიჯონ შუაზე, არადა, ამ ხალხს რომ ჰკითხო, მრავალპარტიული დემოკრატია უნდათ. ყოჩაღ, შევუქებ საქციელს “რესპუბლიკურ პარტიას”, ძალიან გაბედული ნაბიჯია. თუ გვინდა, რომ ორპოლუსიანობა არ გლეჯდეს ამ ქვეყანას შუაზე, მაშინ ბარიერი უნდა იყოს მინიმალური. „ქართული ოცნება“ რას იზამს არ ვიცი, მაგრამ რა უნდა ქნას ვიცი, უნდა დააინიციროს კანონპროექტი ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებით და კარგი იქნება თუ ოპოზიციის შეგნებული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მამაცი ნაწილი შემოვა ერთი დღით მაინც და ამ ქვეყნისთვის გააკეთებს რამეს”,– თქვა ელისაშვილმა.
მანვე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, დამოკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღონ.
ცნობისთვის, გუშინ რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციას შესთავაზებს უბარიერო პროპორციული სისტემას და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, რესპუბლიკური პარტია მზად არის, ამ კანონპროექტის კენჭისყრაზე პარლამენტში შევიდეს და მას მხარი დაუჭიროს.
მისი თქმით, ამით ქართული ოცნების კედელთან მიყენებას აპირებენ.