შევქმნათ საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, პარლამენტში ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

ექსპრეზიდენტი ენმ-ს მიმართავს, ამ თემაზე კონსულტაციები გამართოს.

“მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები.

მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას”,– წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურს, ასევე საგამოძიებო კომისია შეიქმნას ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.