“შევჯერდებით” – ოცნება ფიქრობს, როგორ გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახძე აცხადებს, რომ შეჯერდებიან, როგორ გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

“ჩვენს პოზიციას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია, ასე რომ ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეიძლება გამოვხატოთ. რაც შეეხება გამოხატვის ფორმებს, ამაზე შევჯერდებით, მათ შორის, გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან”,– ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, მოვლენების დადებითი სცენარის განვითარება დამოკიდებულია დასავლელი პარტნიორების ძალისხმევაზე.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და იმედი გვაქვს, მოვლენები განვითარდება დადებითი სცენარით და ამაში ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ საკვანძო როლი. არის ამის პერსპექტივა, დანარჩენი არის დამოკიდებული ჩვენი პარტნიორების ძალისხმევაზე. აგრესია არის რისკების შემცველი და შეიძლება მას მოყვეს უფრო ფართო გავლენა რეგიონზე, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, პროცესები წარიმართება სწორი მიმართულებით”,– აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.