შეინანეთ ჯვრის გმობა და სოდომ-გომორის მიმღებლობა – მეუფე სპირიდონი რიონის ხეობის მცველებს

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ჰომოფობიურ განცხადებას აკეთებს და “რიონის ხეობის მცველებს” მოუწოდებს, “სოდომ-გომორის მიმართ მიმღებლური დამოკიდებულება შეინანონ”

“თუ გინდათ, შვილებო, რომ ღმერთმა გაპატიოთ, უნდა შეინანოთ ჯვრის გმობა და უნდა შეინანოთ ასეთი განურჩეველი და მიმღებლური დამოკიდებულება სოდომ-გომორის ცოდვის მიმართ, თუ სახალხოდ არ შეინანებთ, ძალიან ცუდი ფინალი ელის თითოეულ თქგვენგანს და თქვენს მომავალს პირადად.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ მოგაქვთ გამარჯვება, აუცილებლად დაეცემით, აი, მოგივიდათ კიდევაც ეს დაცემა, საშინელი დაცემა, ორმაგი დაცემა, ჯვრის დაგმობა და მიმღებლობა იმ საშინელი, სამარცხვინო ცოდვის. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგიწოდებთ, ეს ცოდვა, რომელიც საჯაროდ იქნა გაცხადებული, ესეთი მკრეხელობა, შენანებული იქნას საჯაროდ თქვენ მიერ”, – ამბობს მეუფე სპირიდონი.

ის ეხმიანება მაკა სულაძის განცხადებას, რომ თბილისში აქციის დროს ჯვარი მოიხსნა, რათა სხვა რელიგიის წარმომადგენლებს დისკომფორტი არ შექმნოდათ და მას “ჯვრის მგმობელს” უწოდებს.

“არ ვიცი, რითი მოხდა, უმეცრებით, გაუნათლებლობით თუ ურწმუნოებით, ძალიან მძიმე ცოდვა იქნა ჩადენილი, რომ, აი, ჯვრის ძალა იქმნა დაგმობილი და ასეთი რამ ითქვა – სხვებს რომ არ ეწყინოთ, მე ამ სიმბოლოს, ჯვარს აღარ ვატარებო. ჯვარი სიმბოლო არაა, ჯვარია ძალა ღვთის, გამარჯვების და ძლევის იარაღი.

როცა შენ შენი ნებით ამბობ უარს ჯვარზე და იძახი, იმის გამო, რომ ვიღაცას არ ეწყინოს, მე ჯვარს აღარ ვატარებო, შენი ნებით ამბობ გამარჯვებაზე, ძლევაზე უარს და ჯვრის მგმობელების რიგში დგები. ასეთი გამონათქვამი, თუნდაც ის უნებლიედ იყოს ნათქვამი, აუცილებლად, როგორც საჯაროდ იქნა დაგმობილი ჯვარი, ასევე საჯაროდ უნდა იქნას შენანებული, თორემ ამის ბოლო არის დამარცხება. ჯვრის მტერი ვერასდროს ვერ გაიხარებს”,- აცხადებს სასულიერო პირი.