შეისწავლეთ თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა – ინსპექტორი საგამოძიებო ორგანოებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, ბოლო პერიოდში სისტემური ხასიათი მიიღო, სხვადასხვა პირთა მიმართ, სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტების ამსახველი მასალების სხვადასხვა ფორმით გასაჯაროების ფაქტებმა.

ინსპექტორის განცხადებით, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლება წარმოადგენს ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას და იგი გარანტირებულია, როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო კანონმდებლობით.

მისივე თქმით, აღნიშნულ უფლებებში ისეთი ინტენსიური ფორმით ჩარევა, როგორიც არის პირის მიმართ ფარული მიყურადება ან/და თვალთვალი, ექვემდებარება განსაკუთრებულ კონტროლს და მისი განხორციელება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაფერისი, პროპორციული და უკიდურესი საშუალებაა.

“სამწუხაროდ, ბოლო დროს გავრცელებული აუდიო/ვიდეოჩანაწერები და დოკუმენტური მასალა ბადებს კითხვის ნიშნებს სხვადასხვა პირთა მიმართ, უკანონო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. აღნიშნული ფაქტები საჭიროებს კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დროული გამოძიების ჩატარებას მათი ავთენტურობის დადგენისა და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის პროცესში ჩართულ ყველა პირთა იდენტიფიცირებისა და დასჯის მიზნით.

პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციით მანიპულირების ყველა ფორმა საფრთხეს უქმნის პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობას, ადამიანებში აჩენს პირადი სივრცის დაუცველობის განცდას, ხელყოფს ადამიანის ღირსებას, უზღუდავს მას ქცევას და დამანგრეველ გავლენას ახდენს მის ემოციურ მდგომარეობაზე. ამასთან, ასეთი მასალების გასაჯაროება ამცირებს და აქრობს საზოგადოების ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კანონიერად ჩატარებაზე”,– წერია ინსპექტორის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განმარტებით, მათი საზედამხედველო უფლებამოსილება არ ვრცელდება სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვითი საქმიანობების მიზნებისათვის სახელმწიფო საიდუმლოებისთვის მიკუთვნებულ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე. შესაბამისად, სამსახური მოკლებულია საკანონმდებლო მექანიზმებსა და ბერკეტებს, შეისწავლოს საკანონმდებლო მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევით განხორციელებული ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ფაქტები.

“ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების ჩატარების გზით, დროულად შეისწავლოს ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ყველა საეჭვო შემთხვევა, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, საზოგადოებას დაუბრუნდეს მათი პირადი ცხოვრების დაცულობის შეგრძნება და აღდგეს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ”,– აღნიშნავს ინსპექტორი.