შემდეგი თვეები უკრაინაში ომის გამო ბრიტანეთისთვის მძიმე იქნება, თუმცა უკრაინის მხარდაჭერით არ დავიღლებით – ჯონსონი

უკრაინაში ომის გამო შემდეგი რამდენიმე თვე დიდი ბრიტანეთისთვის ძალიან მძიმე იქნება– ამბობს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი. თუმცა, მისი თქმით, ეს არ გახდება იმის მიზეზი, რომ ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებისკენ უბიძგოს.

ამის შესახებ ჯონსონმა გამოცემა The Mail–ში საკუთარ სვეტში დაწერა.

ჯონსონის თქმით, ელექტროენერგის და სხვა ენერგომატარებლების ფასები გაიზრდება და ამით დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები დაზარალდებიან, თუმცა ენერგო კრიზისის მიზეზი არის პუტინის გადაწეტილება უკრაინაში ომის გაჩაღების შესახებ.

ჯონსონი წერს, რომ უკრაინაში შეჭრა ძვირი უჯდებათ ბრიტანეთის მოქალაქეებს და პუტინს ეს მოსწონს.

“რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ ევროპელი პოლიტიკოსები შეწყვეტენ ბრძოლას და უკრაინის მხარდაჭერას. პუტინი თვლის, რომ ზამთარში გაძვირებული ენერგომატარებლების გამო სანქციებს მოვუხსნით, შევეხვეწებით რუსულ ნავთობს და გაზს. ის ასევე ფიქრობს, რომ დავიღლებით უკრაინის მხარდაჭერით და ამ ქვეყანას ვუბიძგებთ პუტინთან გარიგება დადოს. მაგრამ ეს არ მოხდება. უკრაინას შეუძლია ამ ომში გამარჯვება და გაიმარჯვებს. გამარჯვებული იქნება დიდი ბრიტანეთიც“– წერს თავის სვეტში ჯონსონი.

ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მიუხედავად გაჭიანურებული ომისა, პუტინის პოზიციები ყოველთვიურად სუსტდება და ის ევროპის დაშანტაჟების უნარს კარგავს.

“ჩვენ უკვე ვთავისუფლდებით რუსულ ნახშირწყალბადზე დამოკიდებულებისგან. ივნისში პირველად ათწლეულის მანძილზე ჩვენ არ გაგვიკეთებია რუსეთიდან საწვავის იმპორტი. დიდმა ბრიტანეთმა უკვე გაზარდა საკუთარი გაზის მოპოვება. ჩვენ ვაშენებთ ქარის ელექტროსადგურებს, ვაკეთებთ ატომური ელექტროსადგურების ახალი პროექტების რეალიზაციას. ჩვენ ნაკლებად მგრძნობიარეები ვხდებით პუტინის ზეწოლის მიმართ.“– ამბობს ჯონსონი.

ის წერს, რომ პუტინს არ უნდა მიეცეს უფლება, უკრაინაში ომის გამო სასჯელს თავი დააღწიოს, რადგან ის ამაზე არ გაჩერდება და იქნება სხვა ქვეყანაში შეჭრაც, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო.

“ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინელების მხარდაჭერა. მათ აქვთ მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებები და ეს ქვეყანა დაუმარცხებელია. ამიტომ, დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაზარდონ უკრაინის მხარდაჭერა“– წერს ჯონსონი.