შემთხვევით ვიპოვეთ ნაჭერში გახვეული, გამნაღმველებმა თქვეს, რომ სასწავლოა – ბინის მეპატრონე ნაპოვნ ხელყუმბარაზე

ცოტახნის წინ, თოიძის ქუჩაზე ხელყუმბარა იპოვეს. როგორც ბინის მეპატრონე აცხადებს, ხელყუმბარა ეზოში არსებული სათავსოს სახურავზე ნახეს, რის შემდეგაც 112-ს დაუკავშირდნენ.

„ყურძენს ვკრეფდით და ეზოში, „ჩულანის“ თავზე, სახურავზე შემთხვევით ვიპოვეთ ნაჭერში გახვეული ხელყუმბარა. შეგვეშინდა, გამოვიძახეთ 112. მოვიდნენ, ნახეს, დაგვაცლევინეს ბინა, გაგვიყვანეს გარეთ და დაელოდნენ გამნაღმველებს, რომლებიც ახლა მუშაობენ. მათ თქვეს, რომ სასწავლო ხელყუმბარაა“, – განაცხადა სახლის მეპატრონემ მთვარისა ზაქარეიშვილმა.

შსს-მ გამოძიება 236 მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.