შენგელია მოზარდი თაობის მაგალითია, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო – ყაველაშვილი

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ცსკაში გადასული თორნიკე შენგელია სამაგალითოა, ამიტომ სოლიდარობას უცხადებს.

ყაველაშვილის თქმით, შენგელია მისთვის საამაყოა. 

“მაგალითი არის ჩვენი მოზარდი თაობის, ყველასი და მინდა წარმატება ვუსურვო, სოლიდარობაც გამოვუცხადო.

დააკვირდით შემადგენლობას, თუ ეს CSKA არის, რატომ თამაშობენ აქ დაახლოებით 4-5 ამერიკელი, 2 ლიტვის მოთამაშე, ლატვიელი კალათბურთელები თამაშობენ და არ შეიძლება ქართველმა კალათბურთელმა ითამაშოს?

თორნიკე შენგელიამ მოქალაქეობა დათმო? ქართველობა დათმო, თუ რაზე არის საუბარი? ის არის საქართველოს ნაკრების კაპიტანი. საქართველოს ნაკრები როცა ეთამაშება ნებისმიერ მოწინააღმდეგეს, ის იქნება საქართველოს ნაკრების რიგებში და არანაკლებ სხვა კალათბურთელებისა ის დაიხარჯება, როგორც იხარჯებოდა და საამაყოა. ჩემთვის საამაყოა ეს ადამიანი,” – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა რუსთავი 2–თან საუბრისას.

საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკაში გასავლის შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა.