სასტუმრო “შერატონში” მომხდარ თავდასხმაზე პროკურატურამ ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიება დაიქვემდებარა – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.
“საქართველოს პროკურატურამ დააკმაყოფილა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განცხადება ზვიად ქორიძეზე “შერატონ ბათუმის” სასტუმროში “ქართული ოცნების” წარმომადგენლების თავდასხმის ფაქტზე და ზვიად ქორიძე დაზარალებულად ცნო. შსს-ს მიერ საგამოძიებო ქვემდებარობის წესის დარღვევით დაწყებული გამოძიება პროკურატურამ გადაიბარა. ზვიად ქორიძე აპირებს მიმართოს პროკურატურას განცხადებით, რათა მიაწოდონ მას ინფორმაცია საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
გარდა ამისა, დღეს ზვიად ქორიძემ საჩივრით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და ბათუმის სასტუმრო “შერატონის” ხელმძღვანელობის მიერ ზვიად ქორიძისთვის სასტუმროს ფოიეში განლაგებული ვიდეომონიტორინგის კამერების ჩანაწერების გადაცემის შესახებ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების კანონიერების შესწავლა მოითხოვა”, – წერია განცხადებაში.
ქორიძემ ფორმულას ეთერში აღნიშნა, რომ შერატონის მხრიდან კადრების მოწოდების პრობლემა კვლავ არის.
“დღეს აჭარის პროკურატურიდან მაცნობეს, რომ დაზარალებულად ვარ ცნობილი. შესაბამისად ყველა იმ უფლებამოსილებით აღჭურვილი, რაც ასეთ სისხლის სამართლის საქმეში აქვს დაზარალებულს.
ისევ არის პრობლემა კადრების მოწოდების, რომელსაც შერატონ ბათუმი ფლობს და რამდენადაც ვიცი, არც ბატონ გახარიას მიუღია ეს კადრები და არც მე”, – განაცხადა ქორიძემ.