შესაძლოა სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან – უდუმაშვილი ვაშაძეზე

ენმ–ს წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნაც ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.

„რა თქმა უნდა, არავის ეხალისება ქუჩაში დგომა, დიალოგი ყველაზე ცივილური ფორმაა, რომლითაც უნდა წავიდეს ქვეყანა, მაგრამ დიალოგს გააჩნია საგანი, რაზე ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ბუნებრივია, თუ ჩვენ უბრალოდ ვსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ხელი ჩამოვართვათ და გამარჯობა ვუთხრათ ერთმანეთს, ასეთ დიალოგს აზრი არ აქვს. თუ ჩვენ ვსხდებით იმისთვის, რომ რეალურად გამოვიდეს ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან, რა თქმა უნდა, ასეთ დიალოგს აზრი აქვს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცვლილება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ამ პირობით მივდივართ დიალოგზე,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ის გრიგოლ ვაშაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რა დიალოგის პროცესი მზადდებოდა საერთაშორისო პარნტიორების ჩართულობით.

„შესაძლოა ბატონ გრიგოლს ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმ დღეებში ძალიან სპონტანური იყო ვითარება, ჯერ რუსთაველზე ვიდექით, შემდეგ ცესკოსთან, შესაძლოა მოხდა რაღაც დისკომუნიკაცია, ვერ შედგა. თუმცა, მე ვარაუდს ვამბობ, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მქონია პირადად კომუნიკაცია ამაზე ბატონ გრიგოლთან“, -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ჩაიშალა.

ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს იმ საელჩოების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დიალოგის შუამავლები ყოფილიყვნენ.