შესაძლოა გაჟონილი იყოს ივანიშვილის ვოის-მესიჯები 20 ივნისის დარბევის შემდეგ – მელაძე

ტელეკომპანია პირველის წამყვანი ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერები თავიანთ თანაგუნდელებს უკანონოდ უსმენენ.

მისივე თქმით, შესაძლოა არსებობდეს ბიძინა ივანიშვილის ხმოვანი შეტყობინებები, რომელიც მან 20 ივნისის დარბევის შემდეგ გაგზავნა.

“მათ ძალიან კარგად იციან, რომ მოსმენაზე ჩართული ჰყავდათ არამხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ მათივე თანაგუნდელები. ძალიან კარგად იციან, რომ არსებობს ფაილები, სადაც ისინი უსმენენ თავიანთ თანაგუნდელებს უკანონოდ, იმიტომ რომ გააკონტროლონ მათი საქმიანობა.

ძალიან კარგად იციან, რომ მათ შორის, შესაძლოა იყოს სუს-იდან გაჟონილი ბიძინა ივანიშვილის ვოის-მესიჯები, გაგზავნილი 2019 წლის 20 ივნისის დარბევის შემდეგ”,- თქვა ნოდარ მელაძემ ტვ პირველის ეთერში და აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ ასევე იცის, რომ ჩანაწერები მათივე გუნდის წევრს გამოაქვს.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ TV პირველმა გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში საუბარია Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის ადამიანებზე ანგარიშსწორებაზე. პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრების უნებართვო ჩაწერაზე, გამოყენებასა და გავრცელებაზე დაიწყო.