შესაძლოა, ზელენსკიმაც გამოიტანა დასკვნები 2008 წლის ომიდან – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუში რადიო RFI-ს ჟურნალისტმა გაიხსენა მისი განცხადებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ჰკითხა, შეიცვალა თუ არა მისი ანალიზი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

“თქვენ თქვით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს არ ჰქონდა ადეკვატური ქცევა, ის ჩაება პროვოკაციაში, არ მოუსმინა ამერიკელების და ევროპელების გაფრთხილებას; დღეს, 2022 წელს ვხედავთ, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთა, რომ აეცილებინა პროვოკაციები, მაგრამ თავდასხმა მაინც მოხდა; ამან შეგაცვლევინათ თქვენი ანალიზი 2008 წელთან დაკავშირებით?”,– ჰკითხა პრეზიდენტს ჟურნალისტმა.

ზურაბიშვილის თქმით, ზელენსკიმ ყველაფერი გააკეთა ოკუპანტის პროვოკაციის ასაცილებლად.

“დიახ და არა; არა იმ გაგებით, რომ არასდროს არ ვიცით რა აგვაცილებს აგრესიას. მე ვთქვი, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველაფრის გაკეთება პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად აგრესორზე უფრო პატარა ქვეყნის შემთხვევაში, როგორიც უკრაინაა, დროის მოსაგებად, და სწორედ ეს გააკეთა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

შესაძლოა, ზელენსკიმაც გამოიტანა დასკვნები 2008 წლის საქართველოს ომიდან, მან კარგად გაუძლო და რუსეთს არ აქვს არანაირი არგუმენტი, მან შეძლო საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება. ზელენსკის უნდა ვუმადლოდეთ იმ ყველაფერს, რაც მან გააკეთა დიპლომატიური მობილიზაციის კუთხით რუსეთის თავდასხმამდე. ევროპის კავშირი შეიკრა დღეს უკრაინის მხარდასაჭერად”,– თქვა ზურაბიშვილმა.