შესაძლოა, რაგბის მატჩზე მაყურებელთა დასწრების შეზღუდვა იგეგმებოდეს – სირცხვილია

მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელისუფლებო მედია მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს 27 თებერვალს, საქართველო-რუსეთის ნაკრებთა რაგბის მატჩზე პროვოკაციის მიზნით იგეგმება გულშემატკივრების შეჭრა რუსეთის ნაკრების გასახდელში. მოძრაობის განცხადებით, შესაძლოა მთავრობა გეგმავდეს შეხვედრაზე მაყურებელთან დასწრების შეზღუდვას.

“27 თებერვალს მოძრაობა “სირცხვილია” გეგმავს მხარი დაუჭიროს საქართველოს რაგბის ნაკრებს და ამავდროულად დააფიქსიროს პროტესტი უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით. ამისთვის გულშემატკივრები საქართველოს დროშებთან ერთად გაშლიან უკრაინის დროშებს – გასახდელში შეჭრა და მსგავსი სიშლეგე არათუ არ იგეგმება, შეუძლებელია მსგავსი სისულელე ვინმეს მოუვიდეს თავში ირაკლი კობახიძის გარდა – რომელიც მოძრაობა სირცხვილიას წევრი არაა, მმართველი პარტიის თავმჯდომარეა.

ჩნდება კითხვა – რას ემსახურება ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პროპაგანდისტული მედიის ეს ტყუილები? შესაძლოა ხელისუფლება გეგმავდეს მატჩზე მაყურებელთა დასწრების შეზღუდვას, რათა საქართველომ არ აჩვენოს მასობრივი მხარდაჭერა უკრაინისადმი.

ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას. ეს იქნება მორიგი უღირსი ქმედება უკრაინის მიმართ და ამავდროულად საქართველოს სარაგბო ნაკრებისა და მისი გულშემატკივრების შეურაცხყოფა”,– აცხადებს სირცხვილია.

ცნობისთვის, გუშინ რაგბის კავშირმა შეხვედრის ანონსი უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა, შემდეგ კი წაშალა. არსებული ინფორმაციით, წაშლის მოთხოვნით საქართველოს რაგბის კავშირს ევროპის რაგბის კავშირმა მიმართა.