შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ არ დაკარგონ მოტივაცია,ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი–ივანიშვილი მისი ქონების შესახებ

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გამოცემა Entrepreneur-თან ინტერვიუში საუბრობს მისი აქტივების დიდი უმრავლესობის საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-სთვის გადაცემის შესახებ. ივანიშვილმა გამოცემას ინტერვიუ 9 იანვარს მისცა, თუმცა ის მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დასაჯაროვდა. ინტერვიუში ივანიშვილი ამბობს, რომ  მისი და მისი მეუღლის განკარგულებაში დარჩება 200 მილიონი დოლარი.

„მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკლებლივ ყველა მატერიალური აქტივი, რომლებიც საკრედიტო და სხვა სახის ვალდებულებებით არ არის დატვირთული და რომელთა მართვა ფონდს გაუჭირდებოდა, დაუყოვნებლივ გადაგვეცა საქველმოქმედო ფონდისთვის, ერთადერთი პირობით – არც მართვის და არც გასხვისების შემთხვევაში, აქტივებს არ უნდა შეეცვალოთ პროფილი, რადგან მათი დიდი ნაწილი ორდინარული ბიზნესპროექტები როდია, ისინი დარგის (ზოგიც რეგიონის) განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებია, რომელსაც თანმდევი დადებითი პროცესები უნდა მოჰყვეს ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში, მათ შორის, ტურიზმის დარგში“,- ამბობს ივანიშვილი.

ივანიშვილი არ ადასტურებს საერთაშორისო ბიზნესმედიის, მათ შორის „ფორბს“-ისა და „ბლუმბერგ“-ის მონაცემებს მისი ქონების შესახებ. მმართველი პარტიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მილიარდ-ნახევარი დოლარი სრულად მოხმარდება ქველმოქმედებას. „სწორედ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის 30-31 დეკემბერს, როდესაც თქვენს მიერ დასახელებული აქტივები გადავიდა ფონდის განკარგულებაში და ეს პროცესი ეტაპ-ეტაპ შეუქცევადად გაგრძელდება. ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდ-ნახევარის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა. შვილებს ვუტოვებ იმდენს, რომ მათ არ დაკარგონ ახლის შექმნის, საკუთარი თავის სრულად რეალიზებისა და განვითარების მოტივაცია, რაშიც დივიდენდების იმედად ცხოვრება, შესაძლოა, ხელისშემშლელიც კი ყოფილიყო“, თქვა მან.

შეკითხვაზე, თქვენი შვილები როგორ შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას? ივანიშვილი პასუხობს: „მინდა გითხრათ, რომ ისინი სრულიად იზიარებენ ჩემს მიდგომას და გადაწყვეტილებაც მათთან შეთანხმებით მივიღე. მიხარია, რომ ჩემი შვილები ამბიციური, შემოქმედებითი ადამიანები არიან და დარწმუნებული ვარ, ისინი ჩემგან დამოუკიდებლადაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. მთავარი, რაც მათ მივეცი, კარგი განათლებაა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, არჩევანის სრული თავისუფლება. გვსურდა, თავად შეერჩიათ მომავალი საქმიანობის სფერო, რადგან წარმატებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, გულით გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და ემსახურები. ჭარბ ფულზე კი, ჩემს დამოკიდებულებას, ისინიც იზიარებენ და ანალოგიურად ფიქრობენ“.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება 2021 წლის 11 იანვარს მეორედ მიიღო და ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა.