მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ გაუჩინარებული ეკონომისტის, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლია. ისინი გერლიანის სამუშაო ოფისიდან ამოიღეს.
IPN-ის ცნობით, მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია, წერილში კი გერლიანი აცხადებს, რომ “ბევრი ითმინა“ და “დაიღალა”, ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას თხოვს.
შეგახსენებთ, რომ ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 2 დღეა ვერ უკავშირდებიან.
გაუჩინარებამდე რამაზ გერლიანმა Facebook-პოსტი დაწერა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელს ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებდა და ვარაუდობდა, რომ ის მასზე და მისი ოჯახის წევრებზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა და მესამე პირს აწვდიდა. პოსტი გუშინ სოციალური ქსელიდან წაიშალა. ეკონომისტის ძმა ვარაუდობს, რომ ის ძალოვანმა უწყებებმა წაშალეს.
გაუჩინარებულ რამაზ გერლიანს პოლიცია და ოჯახის წევრები მე-3 დღეა იძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.