შსს-მ ლექსო ლაშქარავაზე გაკეთებული ვიდეოების დასპონსორებაში 700$ დახარჯა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლექსო ლაშქარავაზე გაკეთებული ვიდეოების დასპონსორებაში 700 $-მდე  დახარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ON.GE აქვეყნებს. უწყებამ 5 ივლისს ნაცემი გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე დაარეკლამა 2 ვიდეო, ვიდეოების სარეკლემო ბიუჯეტი 100-დან 400 დოლარამდე მერყეობდა.

პირველი ვიდეო შსს-მ 11 ივლისს გამოაქვეყნა. 2-დღიან ბუსტში, რომელიც 13 ივლისს დასრულდა, ქვეყნის საგამოძიებო უწყებამ 300-დან 399 დოლარამდე დახარჯა. პოტენციური აუდიტორია 1 მილიონი ადამიანი იყო, საბოლოო მონაცემებით კი ვიდეოს 350-400 ათასი ჩვენება ჰქონდა, რაც შეიძლება შეიცავდეს რამდენიმე ნახვას ერთი და იმავე ადამიანის მიერ. რეკლამა უმეტესად 25-დან 34 წლის აუდიტორიამ ნახა, ძირითადად თბილისში. მეორე ვიდეო 12 ივლისს არის გამოქვეყნებული და ორჯერ არის დასპონსორებული. ერთხელ 100 დოლარამდე, მეორედ კი 100-დან 199 დოლარამდე თანხით.

ლაშქარავას  ვიდეოების დასპონსორების გამო უწყება კრიტიკის ობიექტი გახდა, რაც გამოწვეულია იმით, რომ ლაშქარავას საქმეზე გამართული ბრიფინგები შსს-მ ზედოზირებით გარდაცვალების ვერსიის გავრცელებას მიუძღვნა.