შსს-მ ნინოწმინდის პანსიონზე კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო – უწყების განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ნინოწმინდის პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფსა, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს.

“გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას რათა შესწავლილ იქნეს ძალადობის ყველა შესაძლო ფაქტი”,– აცხადებს უწყება.

მათივე განმარტებით, 2016 წლიდან დღემდე აღნიშნულ პანსიონატთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა საქმეებში ჯერჯერობით არ არის საკმარისი მტკიცებულებათა სტანდარტი.

“გამოძიების დაწყების საფუძველი ორ შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან მომართვა გახდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უზრუნველყო და განახორციელა საქმის გარემოების დადგენისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება. თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები.

თუმცა, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას რათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულ იქნეს დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი”,– წერია შსს–ს განცხადებაში.