შუალედური არჩევნებისთვის “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატები წარადგინა

ქართულმა ოცნებამ შუალედური არჩევნებისთვის რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარობისა და ბათუმში – გონიო-კვარიათის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. არჩევნები 2 აპრილს ჩატარდება.

რუსთავსა და გარდაბანში ოცნების კანდიდატი ირაკლი შატაკიშვილი იქნება, ბათუმში კი რამაზ ჯინჭარაძე.

“ირაკლი შატაკიშვილი გახლავთ მაღალკვალიფიციური იურისტი, მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აგრეთვე გერმანიაში, ქალაქ ნიუნბერგში. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა იურისტად ქართულ და გერმანულ კომპანიებში და საქართველოს პროკურატურაში. მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რამაზ ჯინჭარაძეს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი, მრავალწლიანი გამოცდილება. ამჯამად ის იკავებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. რამაზ ჯინჭარაძეს ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი”,– ამბობს კობახიძე.

მისივე განცხადებით, ოცნებისთვის მნიშვნელოვანია ორივე ოლქში არჩევნების მოგება.

ამომრჩევლები პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში – საკრებულოს მაჟორიტარს. ამის მიზეზი ის არის, რომ პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ დატოვა, რადგან ის რუსთავის მერი გახდა, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე კი გარდაიცვალა.

შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.