შუქრუთელების აქციის მოშიმშილე მონაწილე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების კადრებით დაემუქრნენ

შუქრუთში აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ვერა კუპატაძე აცხადებს, რომ უცნობი კაცი თავისი რძლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით დაემუქრა.ვერა კუპატაძე რამდენიმე დღეა პირამოკერილი აპროტესტებს იმას, რომ ”ჯორჯიან მანგანეზმა” კერძო საკუთრება დაუზიანა. კუპატაძე, რომელსაც პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი, OC Media-ს უყვება, რომ მან მსგავსი შინაარსის შემცველი ზარი 24 მაისს უცხო ნომრიდან ორჯერ მიიღო. იგი ყვება, რომ უცნობმა პირმა შიმშილობის დაწყებიდან მეორე დღეს დაურეკა.

“არ ვიცი, ვინ იყო, მაგრამ, სატელეფონო საუბარი მას შემდეგ განხორციელდა, რაც პირი ამოვიკერე. ზუსტად მეორე დღეს მემუქრებოდნენ პირადი, ბილწი რაღაცებით. მეუბნებოდნენ, რომ სიცრუეში დგახარ, ტყუილში დგახარ.

ნუ დგახარ მანდ მე შენი შვილის მეგობარი ვარ, შენთვის კარგი მინდა, ვიცი, რომ მზადდება დოკუმენტაცია შენი ოჯახის წევრზეო, გასაჯაროვდებაო და არ მინდა ასეთ ტალახში გაისვაროს შენი ოჯახიო”, – ამბობს აქციის მონაწილე.