ჩარჩენილები არიან საბჭოთა კავშირში – ზურაბ ჯაფარიძე მატჩზე დამსწრეებზე

ზურაბ ჯაფარიძე გუშინ ფეხბურთის მატჩზე მაყურებლის არშეშვებას და იქ მთავრობის წარმომადგენლების ყოფნას ეხმიანება. მისი თქმით, იქ მსხდომი ხალხი საბჭოთა კავშირშია ჩარჩენილი, რადგან სწორედ მაშინ იყო დაყოფილი საზოგადოება ჩვეულებრივ მოქალაქეებად და პრივილეგირებულებად.

“კონკრეტული ინდიკატორია, რომ ეს ხალხი არის ჩარჩენილები და ცხოვრობენ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში. საბჭოთა კავშირი ზოგადად იყო დაყოფილი – იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები და იყო პრივილეგირებული კლასი: კომპარტიის წევრები, პოლიტბიუროს ხალხი და ე.წ. საბჭოთა ინტელიგენცია, რომლებიც სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებით”,- ამბობს ჯაფარიძე მთავარი არხის ეთერში.

მისი თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლება იმის გამოც არის გასაშვები ხელისუფლებიდან, რომ ქმნის ე.წ. პრივილეგირებულ ელიტას და მათი ტვინები ასეა მოწყობილი.

“გუშინ რა სურათიც დაიხატა, იყო ერთი-ერთში ეს, როცა სტადიონის გარეთ იყვნენ მხურვალე გულშემატკივრები, რომლებიც იქ იმისთვის მივიდნენ, რომ ფეხბურთელებისთვის გაეგონებინათ, აქ ვართ და გამხნევებთ, იმიტომ რომ სტადიონზე ისინი არ შეუშვეს, ჩემთვის ამოუხსნელი მიზეზების გამო. მაშინ როცა შიგნით იჯდა ე.წ. პრივილეგირებული ელიტა. ეს სურათი იყო ზუსტად ის, რაც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს საბჭოთა კავშირის დროს. ეს ხალხი მათ შორის მაგის გამოც არიან გასაშვები ხელისუფლებიდან, რომ ამ ტვინის მოწყობით არიან და ასე აპირებენ მართვის გაგრძელებას”,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, საქართველო-მაკედონიის ნაკრებების თამაშზე გულშემატკივრები არ დაუშვეს, თუმცა სტადიონზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად, ირაკლი კობახიძე, ლევან კობიაშვილი, მსახიობი ზურაბ ყიფშიძე და სხვები.