ჩემი აუტისტური სპექტრის მქონე შვილი თურმე ჯარში გაიწვიეს და არ გამოცხადდა – გოგსაძე

მთავარი არხის ჟურნალისტი ნათია გოგსაძე წერს, რომ მის აუტიზმის სინდრომის მქონე შვილს ჯარში გამოუცხადებლობას სასამართლოში ედავებიან.

გოგსაძის განცხადებით, პოლიციის ოქმიდან ირკვევა, რომ მის შვილს, რომელიც უცხოებთან კონტაქტში არ შედის, დაურეკეს და ჯარში გაწვევის შესახებ გააფრთხილეს.

“საგიჟეთში ვცხოვრობთ…. დღეს, ჩემი შვილის, ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია, (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა), თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას (როგორც ეს ვაკე-საბურთალოს პილიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში), გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა…

აი, ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა!!! ლევანიკოსთან, რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში… ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა… უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური…

ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა, ნეტავ. სამწუხაროდ სასამართლო პროცესს ვერ ვესწრები, მაგრამ მის უფლებებს დაიცავენ მიხეილ გაფრინდაშვილი და ილია გოგსაძე”,– წერს ჟურნალისტი Facebook-ზე.