ჩემი მხარდაჭერა საარჩევნო სისტემის ცვლილებებს არ ექნება – ჭიჭინაძე

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ არ არსებობს არგუმენტები, როგორ აჯობებს ხალხის მსახურებაში 73 მაჟორიტარს 30, ამიტომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

“ყველა ცვლილება, ზოგადად, უკეთესობას უნდა ემსახურებოდეს და ხალხის პირობების გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, ძალიან გაუგებარია. ვაჭრობის თემაა ამ შეთანხმებაში. რატომ არცერთი არგუმენტი არ არსებობს 73 მაჟორიტარს როგორ უნდა აჯობოს 30-მა. 20 ივნისს აქ იყო გადაწყვეტილება, რომ პროპორციულზე გადადიოდა ქვეყანა, გასაგები იყო ეს არგუმენტი, მაგრამ როგორ უნდა აჯობოს 30-მა მაჟორიტარმა 73-ს ხალხის მსახურებაში ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

გამოდის, რომ ამდენი ცვლილებები, რომლითაც ამაყობდა ქართული ოცნება, 2017 წელს განხორციელებული ცვლილებები ტყუილად ჩატარებულა. როდის ვიტყუებოდით დღეს, თუ მაშინ? თუ რომელიმე ძალას არ აწყობს სისტემა, ყველას აქვს საშუალება, მოიპოვოს ხალხის მხარდაჭერა, მოვიდეს [ხელისუფლებაში] და ჩაატაროს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილება. ამიტომ, ჩემი მხარდაჭერა ამ ცვლილებებს არ ექნება”,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს ემზარ კვიციანი, კახა ოქრიაშვილი, ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია და ნატო ჩხეიძეც.