ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ – ღარიბაშვილი

დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვაზე, ვინ გამოუშვა გიგი უგულავა საპატიმროდან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს შეკითხვა მას არ ეკუთვნის.

“ჩემი პრემიერმინისტრობის დროს ბატონი უგულავა ორჯერ დავიჭირეთ, დაიჭირა პროკურატურამ. მე ახლა ვარ თავდაცვის მინისტრი. ეს შეკითხვა მე არ მეკუთვნის, ბატონო ლევან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამ განცხადებას უგულავა პასუხობს და ამბობს, რომ ღარიბაშვილმა პრაქტიკულად აღიარა, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული და მართლსაჯულებაში ღარიბაშვილი იყო ჩართული.

“ბატონი ღარიბაშვილი აგრძელებს კვლავ ჩვენს გაოცებას, ის მართლაც ექსკვიზიტური ბრიყვია ქართული ოცნების გუნდში, მან პრაქტიკულად აღიარა, რომ ჩემ წინააღმდეგ წარმოებული ყველა სისხლის სამართლის საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მან აღიარა, რომ, როგორც პრემიერმინისტრი, მონაწილეობდა ვითომ მართლმსაჯულების წარმოებაში, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ ბოლომდე მოსპო მართლმსაჯულება, ბოლომდე მოსპო სასამართლო”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.