ჩემს ოჯახზე ხორციელდება წნეხი და ძალადობა ჟურნალისტების მხრიდან – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჟურნალისტების მხირდან მის ოჯახზე წნეხი და ზეწოლა ხორციელდება.

“არ შემიძლია, ეს ფაქტი დავტოვო გამოხმაურების გარეშე. მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი რთული ვითარება და, ალბათ, ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში დღეს იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან. ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია.

მე ვიაზრებ იმას, რომ მე ვარ საჯარო პირი და, შესაბამისად, ჩემს მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა, რა თქმა უნდა, უნდა იქნეს პასუხგაცემული. მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებს და ჩემს შვილებს, ვთვლი, რომ ეს არის დასაგმობი და დაუშვებელი”,– თქვა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, არცერთ სიუჟეტს არ გამოეხმაურება, რადგან ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი.