ჩვენთან საველე ჰოსპიტლის ანალოგი გახლავთ კოვიდსასტუმრო – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში საველე ჰოსპიტლების ანალოგი კოვიდსასტუმროებია.

გაბუნიას ინფორმაციით, კოვიდსასტუმროებს პორტატული ჟანგბადის აპარატები დაემატა, რომელთა გამოყენებაც საავადმყოფოების გარე პირობებში, მათ შორის ბინაზეც არის შესაძლებელი. მისი თქმით, თუკი პაციენტი რაღაც პერიოდში ჟანგბადით დახმარებას საჭიროებს, ამის შესაძლებლობა არსებობს.

“საველე ჰოსპიტლის ანალოგი ჩვენს სინამდვილეში გახლავთ კოვიდ სასტუმრო.კოვიდ სასტუმროებში სამედიცინო მართვის ელემენტების შეტანა ჩვენ დავიწყეთ აჭარიდან, რადგან ყველაზე ადრე და მწვავედ დადგა ამის აუცილებლობა და ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. აქ მორიგეობენ გუნდები, ჰოსპიტალისტები, ექიმები, ექთნები, უმცროსი ექიმები, სტუდენტები დაგვემატნენ, სტუდენტების მობილიზაცია ბოლო პერიოდში იყო ძალიან აქტიური და ესეც, რა თქმა უნდა, სერიოზული დახმარებაა როგორც საავადმყოფოებში, ისე სასტუმროებში.

ამდენად, ჩვენს შემთხვევაში, ის, რაც შეიძლება გაკეთდეს საველე ჰოსპიტალში და საველე ჰოსპიტლის ლოჯისტიკა, გამართვა, მისი ფუნქციონირების პროცესში კომფორტული გარემოს შექმნა პაციენტისთვის არის ძალიან რთული, ამდენად, ჩვენ გამოვიყენეთ სასტუმროს ინფრასტრუქტურა.რა თქმა უნდა, ინტენსიური თერაპია და მწვავე სარეანიმაციო ღონისძიებებები ვერ მოხდება სტანდარტული ჰოსპიტლის გარეთ, ამისთვის არის ჰოსპიტლები. კოვიდ სასტუმროებშიდ აემატა ჟანგბადის კონცენტრატორები, ეს არის პორტატული ჟანგბადის აპარატი, რომელიც გამოიყენება საავადმყოფოს გარე პირობებში. თუ პაციენტი რაღაც მომენტში საჭიროებს ჟანგბადით დახმარებას, ამის შესაძლებლობა მარტივად არის და ასევე, შეიძლება, ტრანსპორტირებამდე სტაბილიზაციის შესაძლებლობისთვისაც გამოვიყენოთ”,- თქვა გაბუნიამ.

დღეს პრემიერს კლინიკების ასოციაციამ მიმართა, რომ საველე ჰოსპიტლები გაიშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაცვლილების რაოდენობა მოიმატებს.