ჩვენი გრძნობები მეორეა და სახელმწიფოს გადაწყვეტილება სხვა – ეზუგბაია სომხეთის დახმარებაზე

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია სომხეთის დახმარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ “ჩვენი პირადი გრძნობები მეორეა და სახელმწიფოს გადაწყვეტილება სხვა”.

მისი თქმით,  არ იცის პეტიციის შესახებ, რომლითაც მოქალაქეები კორონავირუსის კრიზისის დროს მთავრობას სომხეთის დახმარებისკენ მოუწოდებენ.

“პეტიცია ჩემთვის ცნობილი არ არის. გავეცნობი და მერე ვილაპარაკოთ ამაზე. ამას მე ვერ გადავწყვიტავ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის და შემეკითხეთ, რაზეც მე შემიძლია პასუხი გაგცეთ. ჩვენი პირადი გრძნობები მეორე რამეა და სახელმწიფოს გადაწყვეტილება სხვა რამეა”,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, მოქალაქეებმა პეტიცია შექმნეს, რომლითაც მთავრობას მოუწოდებენ, სომხეთს დაეხმარონ კორონავირუსთან ბრძოლაში.

დღეს საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმაც გაავრცელეს განცხადება. ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, სოლიდარობისა და თანამშრომლობის ნიშნად მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას დახმარება გაუწიოს.

გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთისთვის დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.