ჩვენი მიზანია, მაისის ბოლოს დღეში 3000-მდე ტესტირება ჩატარდეს – ამირან გამყრელიძე

“ჩვენი მიზანია, მაისის ბოლოს დღეში 3000-მდე ტესტირება ჩატარდეს”- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ TV პირველის ეთერში  განაცხადა.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, ამ დროისთვის საქართველოში 11 ლაბორატორიაა და მაისში კიდევ ხუთი დაემატება.

“ერთი კვირაა, სერიოზულად გავაფართოვეთ PCR ტექნოლოგიები. თუკი დღეში ვატარებდით 300-250-ს ტესტს, ახლა, ბოლო ერთი კვირაა 700-ის მაჩვენებელში ვართ. ალბათ, აპრილის ბოლოს ავალთ 1 000-ზე და, 1 500-ზე მაისის პირველ ნახევარში და შემდეგ 3 000-ზე. 2 500 არის ის მაჩვენებელი, რაც დღეს აქვს ავტრიას, გერმანიას, ბელგიას”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.