ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ქვეყნის და ერის გაერთიანება – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და განაცხადა, რომ საქართველოს გზა დემოკრატიაზე გადის.

მისივე თქმით, საერთო მიზანი ქვეყნის და ერის გაერთიანებაა.

“25 თებერვალი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს დღე გვახსენებს კიდევ ერთხელ, თუ რაოდენ დიდია ჩვენი გმირების ღვაწლი და დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე. ჩვენმა გმირებმა, მათ შორის იუნკერებმა, გასწირეს საკუთარი სიცოცხლე, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დროებით ოკუპირებულია, ჩვენი გზა გადის ქვეყნის გაძლიერებაზე, დემოკრატიაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის გზა, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასთან. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ერის გაერთიანება”,– განაცხადა ღარიბაშვილმა.