ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას – სტოლტენბერგი

“ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას “- ამის შესახებ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, სიმშვიდის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართლაც დაეხმარა ევროპას დემოკრატიული თავისუფლების გავრცელებასა და განმტკიცებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ იძულებით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, არამედ ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ მიღებული თავისუფალი გადაწყვეტილებები და ამ პროცესის შემდეგ ალიანსში ახალი წევრები მივიღეთ. ისინი გვეხმარებიან მთელს ევროპაში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. გაწევრიანება ცალკეული ერების დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემას ეხება. ნატომ აჩვენა, რომ ბოლო წლებში ნატო-ს კარი ღიაა. ამას ამტკიცებს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში ახალ წევრებად მიღება.

როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე და უკრაინაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით მათ შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით. ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაგზავნა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს არის ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილების საშუალება, მაგრამ ეს ასევე აძლიერებს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებებს. მდგრადი, კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება მეტად დაცულია რუსეთის მხრიდან ჩარევის მიმართ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.