“ჩვენ ვართ იდეინი ახალგაზრდები” – გორში კონტრაქციის მონაწილე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები გორში ფასების ზრდას აპროტესტებენ. აქციის პარალელურად ქართული ოცნების მხარდამჭერებისა და სავარაუდოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების კონტრაქცია იმართება.

კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე უარყოფს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერია და ამბობს, რომ ფასების ზრდა “პროპორციულად ხდება”.

“ახლა უყურეთ, განსხვავებას დაგანახებთ – ადრე, წლების წინ, წინა მმართველობის პერიოდში, ასე ვერავინ ვერ დადგებოდა და ვერ ილაპარაკებდა. ახლა გვაქვს ამ ყველაფრის საშუალება. მაშინ, რავი, უბრალოდ ძალადობრივად გაიყვანდნენ. [ფასების გაძვირება] პროპორციულად ხდება, რეალურად უნდა დავიანახოთ. რატომ ჩქმალავთ, რატომ ატყუებთ საზოგადოებას? არავინ მთხოვა, ჩემი ნებით მოვედი, არავის არ უთხოვია აქ მოსვლა.

ახლა ვარ 23 წლის, 9 წლის წინ ვიყავი 14-ის. ჩვენ ვართ იდეინი ახალგაზრდები, რა, რომლებსაც მიზანი გაგვაჩნია, რა შუაშია ქართული ოცნების ორგანიზებული? ქართული ოცნების წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ, მაგრამ მე ჩემი ნებით მოვედი, არსად არ ვმუშაობ. მიზანი ისაა, რომ ეს რაც ხდება, საზოგადოება შეცდომაში შედის, ფასები რომ იზრდება, ქვეყანაში ინფლაციაა,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ენმ-ს წევრი, ანა ბალიაშვილი მთავარ არხთან ინტერვიუში ამბობს, რომ კონტრაქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მართულები და სავარაუდოდ, აიპების თანამშრომლები არიან.

“ეს ადამიანები ჩვენი ვარაუდით კი არა, ალბათ უკვე ყველა დარწმუნდა ამაში, რომ არიან ხელისუფლებისგან მართულები, ჩვენი ეჭვებით, ისინი არიან საბიუჯეტო ორგანიზაციებთან დაკავშირებული ადამიანები, სავარაუდო აიპების თანამშრომლები, რომლებმაც გაიგეს იმის შესახებ, რომ აქციის ჩატარებას ვაპირებდით და მოვიდნენ იმისთვის, რომ შექმნა ილუზია, თითქოს მოსახლეობას სოციალური პოლიტიკა არ აწუხებს.

დარწმუნებულები ვართ, რომ ფასების ზრდა, დენის ტარიფების ზრდა და სოციალური სიდუხჭირე საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს, მათ შორის, ქართული ოცნების ამომრჩეველსაც. ეს ადამიანები ცდილობენ ილუზიის შექმნას, თითქოს ეს ასე არ არის და ეცადნენ ჩვენთან დაპირისპირებას”. – ამბობს ენმ-ს წევრი.