ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა – უგულავა კობახიძეზე

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. მისი შეფასებით, კობახიძე სამარცხვინო იყო, ხოლო სიტყვა „საბოტაჟი“, რომლითაც ის გამოირჩეოდა, აახლოვებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და პუტინის რუსეთთან.

„ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი, ერთადერთი სიტყვა გამოირჩეოდა, ეს იყო საბოტაჟი და ეს სიტყვა, სწორედ რომ გამოარჩევს და ამსგავსებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და ა.შ. ჩამონათვალი არც თუ ისე სახარბიელოა და ღირსეული იქ, სადაც დაიკავებს ივანიშვილის რეჟიმი ადგილს. შინაარს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვებისათვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვნას, უკვე დე ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანონსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში”,– ამბობს უგულავა.

მისივე განცადებით, ოპოზიციის ბოიკოტი შედგა და “ივანიშვილს სტკივა თავის გაყალბება, ივანიშვილი წუხს თავის გაყალბებაზე, ივანიშვილი ბორგავს თავისი გაყალბებების გამო, ივანიშვილი შფოთავს და ასეთ ბოდვით სავსე ბრიფინგებს ატარებინებს თავის შიკრიკს და მონას”.

ცნობისთვის, ქართული ოცნების სპიკერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება.

მისივე თქმით, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.