ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი, რადგან ის არ გაჩერდება უკრაინაზე – ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასიმ DailyMail-თან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაზე და შესაძლო შედეგებზე.

მისი აზრით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, “ეს შეიძლება იყოს პუტინის დასასრული”.

თრასის განცხადებით, ევროპამ უნდა შეაჩეროს პუტინი, “რადგან ის არ გაჩერდება უკრაინაზე” და თავს დაესხმება სხვა ქვეყნებსაც.

“მისი ამბიცია არ არის კონტროლის დამყარება მხოლოდ უკრაინაზე, მას სურს საათის უკან გადაწევა 1990-იანი წლების შუა ხანებში, ან მანამდე”, – ამბობს თრასი და აღნიშნავს, რომ  პუტინი ცდილობს, აღადგინოს საბჭოთა კავშირის ძველი საზღვრები.

„ბალტიის ქვეყნებს საფრთხე ემუქრებათ… დასავლეთ ბალკანეთსაც. პუტინმა ეს ყველაფერი საჯაროდ თქვა, რომ მას სურს შექმნას დიდი რუსეთი, რომ მას სურს დაუბრუნდეს იმ ვითარებას, როგორც ადრე იყო, როდესაც რუსეთი აკონტროლებდა აღმოსავლეთ ევროპის უზარმაზარ ნაწილს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები პუტინის წინაშე დავდგეთ“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს საგარეო მინისტრი.

“შეიძლება იყოს უკრაინა მომავალ კვირას, მაგრამ რომელი ქვეყანა იქნება შემდეგი?”,– ამბობს თრასი და ვარაუდობს, რომ პუტინი შეიჭრება უკრაინაში, ევროპა კი ამისთვის უნდა მოემზადოს.

მინისტრი აღნიშნავს, რომ “უკრაინელები იბრძოლებენ და ისინი დაინახავენ კუბოებს, რომლებიც რუსეთში ბრუნდება”.