ჩვენ წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია გრძელდება – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური მოძრაობა “დროას” და “ლელოს” კვლევას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ ცესკოს შესახებ არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.

“ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ საოლქო კომისიების თავმჯდომარეებად ქართული ოცნებისთვის მისაღები ადამიანები ინიშნებოდნენ. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს – შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები არ ინიშნებიან და მათ არა ცესკო, არამედ თავად საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ირჩევენ.

კომისიის მდივნისთვის უფლებამოსილების გაზრდის მცდარ ბრალდებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ცესკოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ცესკოს აპარატის ფუნქციები განახლდა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა იმგვარად დახარისხდა, რომ ხელი შეეწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომ პროფესიულ განვითარებას. მათ შორის, შეიქმნა ცესკოს მდივნის აპარატი ცესკოს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციებისთვის, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და სწორედ დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია ამ თემით მანიპულირებაც”.- აცხადებს ცესკო.

მათი თქმით, არასწორად იყო დასახელებული საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმღვანელი პირების სტატუსი, მათ შორის ცესკოს მდივნის ნაცვლად თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ცესკოს წევრის ნაცვლად – ცესკოს იურისტი, ასევე გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ სხვა პირი დაასახელეს.

ცესკოს შეფასებით, არასწორია, რომ სწავლების ცენტრმა გასცა გრანტები იმ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ცესკოსთან.

მათი განმარტებით, სწავლების ცენტრი გასცემდა თანხებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტის გაცემის წესისა და შესაბამისი კრიტერიუმების თანახმად. საგრანტო საკონკურსო კომისია კი კომპლექტდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური სექტორის, სახაზინო/საბიუჯეტო დაწესებულებების წარმომადგენლებით.

“დისკრედიტაციული კამპანიის ფარგლებში ასევე, გავრცელდა მორიგი სიცრუე ცესკოში ხელმძღვანელი პირების ხელფასების გაზრდის შესახებ. ამასთან,  აღნიშნული თემის  გაშუქებისას ტელეკომპანია „მთავარმა“ ცესკოში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ტელემაყურებელს არა ცესკოს, არამედ სულ სხვა უწყების დოკუმენტაციის, საშტატო ნუსხისა და ხელფასების ამსახველი კადრები აჩვენა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიასაშუალება არასწორ ინფორმაციას ავრცელებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. ცესკომ 2020 წელს  შესაბამისი რეაგირებისთვის წერილობით ორჯერ მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში ჟურნალისტებმა დაარღვიეს ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი”.- აღნიშნულია განცხადებაში.

ცესკო ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს, “იმოქმედონ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით და თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც აღიქმება მიზანმიმართულ დამაზიანებელ კამპანიად საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შექმნის მიზნით”.