ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი იმდენად დაეცა, რომ ხელისუფლებამ აბორტის აკრძალვის შესახებ გამოაცხადა

ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა კომისიამ გამოაცხადა აბორტების ნაწილობრივ აკრძალვის შესახებ. მიზანი ქვეყანაში შობადობის სწრაფი ვარდნის შეჩერებაა. აქტივისტები და უფლებადამცველები თვლიან, რომ მსგავსი შეზღუდვა მილიონობით ქალს დააზიანებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდის შეზღუდვას ცდილობდა, ახლა საპირისპირო პროცესი დაიწყო, რადგან შობადობა უკიდურესად დაბალ დონეზეა. მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების პროცესი იმდენად საგანგაშოა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ ტენდენციის გამოსასწორებლად ზომები მიიღოს.

ჯანდაცვის ჩინოვნიკების რეკომენდაციით, ჩინეთში ამიერიდან ფეხმძიმობის შეწყვეტა მხოლოდ სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. ჩინეთის ხელისუფლება ასევე პირობას დებს, რომ სოციალურ დახმარებას გააფართოებს დედებისთვის და უშვილობის მკურნალობას ხელმისაწვდომს გახდის.

ნაციონალური კომისია თვლის, რომ ახალი ზომები ხელს შეუწყობს “მოსახლეობის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას.“

ვარაუდობენ, რომ ჩინეთში წელს შობადობა რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცემა: პროგნოზების თანახმად, ქვეყანაში 10 მილიონზე ნაკლები ბავშვი დაიბადება. გასულ წელს ჩინეთში 10.6 მილიონი ბავშვი დაბადა, რაც წინა წელზე 11.5%–ით ნაკლები იყო.

გაეროს პროგნოზით, 2023 წელს ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით ჩინეთს გაუსწრებს და მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა გახდება.

გუმახერის ინსტიტუტის მონაცემებით, რომელიც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს სწავლობს, აქამდე ჩინეთი აბორტების რაოდენობით მსოფლიოს ერთ–ერთი ლიდერი იყო. ინსტიტუტის მონაცემებით, დაუგეგმავი ფეხმძიმობის დაახლოებით 78% აბორტით მთავრდებოდა.

ჩინეთის ხელისუფლების მონაცემებით 2015–2019 წლებში ჩინეთში საშუალოდ ყოველწლიურად 9.5 მილიონი აბორტი კეთდებოდა. გუტმახერის ინსტიტუტი კი ამავე პერიოდში აბორტების რაოდენობად წელიშადში 17.7–ს ასახელებს.

ჩინეთში ასევე სერიოზული გენდერული დისბალანსია: გასულ წელს ქვეყანაში 37 მილიონით მეტი კაცი იყო, ვიდრე ქალი.

ჩინეთში შობადობის შემცირებამ მოსხლეობის დემოგრაფიული დაბერება გამოიწვია. გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის მონაცემებით, 2025 წელს ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა შემცირებას დაიწყებს.

1980–2015 წლებში ჩინეთში მოქმედებდა პოლიტიკა “ერთი ოჯახი–ერთი შვილი“. 2016 წელს ხელისუფლებამ ოჯახს ორი შვილის ყოლის უფლება მისცა, კიდევ ხუთ წელიწადში კი ოჯახში დაშვებული ბავშვების რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

ახალი პოლიტიკის ფარგლებში შობადობის გასაზრდელად ხელისუფლება ქალების სამედიცინო დაზღვევის გაუმჯობესებას, დეკრეტული შვებულების გაზრდას და მესამე და შემდეგ ბავშვზე დამატებითი სახსრების გამოყოფას გეგმავს.

უფლებადამცველები თვლიან, რომ ფეხმძიმობის შეწყვეტის აკრძალვა მილიონობით ქალზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

“საქმე ეხება რეპროდუქციული უფლებებისა და ქალის სხეულის ავტონომიურობის დარღვევას. ვინმე აიძულო ბავშვი მუცლით ატაროს მისი ნების წინააღმდეგ, ნებისმიერი მიზეზით, ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა“– ამბობს Amnesty International–ის ჩინეთის მიმართულების სპეციალისტი ალკან აკადი.