ჩიხლაძე ამნისტიაზე: არ არიან ის პოლიციელები, ვინც ვინმეს თვალი დათხარა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ 20 ივნისის ამნისტია არ შეეხება იმ პოლიციელებს, ვინც მოქალაქეებს თვალები დათხარა, რადგან ამას კონვენცია კრძალავს.

მისივე თქმით, 20 ივნისს დაზარალებულ რამდენიმე ადამიანთან უკვე ჰქონდათ შეხვედრა,

” ამ მუხლში ვერანაირად ვერ მოხვდება ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიცააა წამება, არადაამიანური მოპყრობა და ა.შ. ფიზიკურად ეს ვერ მოხდება, რადგან ჩვენ საერთაშორისო კონვენციის წევრი ვართ, რომელიც ასეთი მუხლების ამნისტიაში შეტანას უბრალოდ კრძალავს. ასევე ვერ მოხდება თუ სამომავლოდ გამოიკვეთება ვინმეს ბრალეულობა ბრძანების გაცემაზე და ასე შემდეგ, მათ შორის მაღაღი თანამდებობის პირებზე.

ამ მუხლში მოხვდება ნიკა მელია, 15-მდე სხვა ადამიანი, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობდა. ერთადერთი კომპრომისი შეიძლება იყოს ის, რომ შესაძლებელია მოხვდეს ის 2 პოლიციელი, რომელიც შედარებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულისთვის არიან პასუხისგებაში მიცემული. ეს არ არიან ის პოლიციელები, ვინც ვინმეს თვალი დათხარა ან ვინმეს ფიზიკური ზიანი მიაყენა“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, რომელსაც ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა, წერია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები ორ საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგს მოიტანს.

პარლამენტში 27 აპრილს იგეგმება ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირება, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება. ნიკა მელია ამ გზით გათავისუფლებაზე უარს აცხადებს. ის ასევე უარს ამბობს ევროკავშირის მიერ მისი გირაოს თანხის გადახდაზე და საპატიმროს დატოვებას უპირობოდ ითხოვს.