ცამდე მართალი ვარ, მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით – გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა

დაღუპული 11 წლის მოზარდის მამა, ფრიდონ აბჟანდაძე სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ მას და მის არასრულწლოვან შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. მისივე თქმით, “ძმაკაცებივით” იყვნენ.

“ცამდე მართალი ვარ..მე და ჩემი ბიჭი ძმაკაცებივით ვიყავით. მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ. რაც წერია, მაგას ჩემისთანა კაცი ვერ გააკეთებს. არ ვიცი, ამდენი ხანი ვყოფილვარ დასაჭერი. რა მაქვს დასამატებელი? – თუ უნდა დახვრეტა მოითხოვოს. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, იშვიათია. უდედოდ გავზარდე, მე იქით მოვკვდები, ეს აქეთ, მაინც შევხვდებით ერთანეთს ძმაკაცურად. ჩემი ცხოვრება შრომაში ვარ. თურმე რეციდივისტი ვყოფილვარ, ისეთი თქვა პროკურორმა“,- აცხადებს 11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბლადებული მამა.

პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ, თერჯოლაში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მოზარდის მამა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირი სისტემატურად ძალადობდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს.

სამართალდამცველებმა დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 11′.115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობამდე მიყვანა ) წარუდგინეს.